ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ტრასოლოგი ექსპერტი აძლევს. საუბარია უშუალოდ იმ ტრასოლოგზე, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ დაზიანებული შადრევანი გამოიკვლია.
მან ტრაგედიის შემდეგ ვაკის პარკის შადრევანში ექსპერტიზა ჩაატარა და დაადგინა, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალება დაზიანებულმა ელექტროსადენმა გამოიწვია.
ტრასოლოგთან შეკითხვები აქვს დაცვის მხარეს.
"აღნიშნულ ტრასოლოგთან გვექნება მთელი რიგი კითხვები, უფრო საფუძვლიანად და სიღრმისეულად რატომ არ ჩატარდა გარკვეული კვლევები და ამასთან დაკავშირებით, მოვისმენთ მის პასუხებს. ჯვარედინი დაკითხვის დროს გვექნება კითხვები, რომელიც სასამართლოს მისცემს საშუალებას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. ფაქტი ერთია, როგორც აღნიშნული ექსპერტის ასევე სხვა მოწმეების დაკითხვით დასტურდება, რომ თავდაპირველ ეტაპზევე არ შესრულდა ყველა საჭირო კვლევა, არ იყო გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება,“ - ამბობს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
განცხადება გააკეთა ბრალდების მხარემ, რომელმაც თქვა, რომ პროცესზე დაიკითხება "გრინ სერვის +-ის" თანამშრომელიც.
"ის იყო ერთ-ერთი შემსწრე პირი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ კაბელი მჭიდროდ იყო მოხვეული ცხაურს ქვემოთ და გაჭედილი იყო ცხაურსა და ბეტონის ზედაპირს შორის. ამის შემდეგ, აღნიშნულმა ექსპერტმა ჩაატარა ექსპერტიზა ცხაურზე და კაბელზე და გასცა დასკვნა, რომ კაბელის დაზიანება მოხდა ცხაურის დაწოლის შედეგად. მეორე მოწმე დაიკითხება "გრინ სერვის +-ის" თანამშრომელი, პროექტის მენეჯერი და აღნიშნული პიროვნება ისაუბრებს იმის თაობაზე, რომ უკვე დასრულებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, დავალება კონკრეტულად მილების უჟანგავი ცხაურებით შეფუთვის თაობაზე მიიღო მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილისგან და შემდგომ შეათანხმა ხელმძღვანელობასთან,“ - ამბობს პროკურორი.