25 აგვისტო 2026,   06:05
ვრცლად
თბილისის პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ უკვე დატოვა - რას აცხადებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თბილისის პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ უკვე დატოვა. ის უწყებაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მანამ სანამ გამოძიება ყველა კითხვას ღიად არ გასცემს პასუხს, მანამდე ოჯახი მკვლელობის ვერსიას განიხილავს. 

"ბატონი სერგო აცხადებს, რომ მასთან ტელეფონი მიიტანეს. ვიზუალურად სუფთა მდგომარეობაში და ტელეფონს არ აღენიშნებოდა არც ლაქა და არც მწერების კვალი. ჩვენ ვნახეთ ტელეფონის ფოტოები რა მდგომარეობიდან მოხდა ტელეფონის ამოღება და უბრალოდ ტელეფონი სუფთა მდგომარეობაში ვერ იქნებოდა. ასევე ტელეფონი ჩაირთო- ჩვენთვის არტის მნიშვნელოვანი გარემოება.

ტელეფონი თუ ჩაირთვებოდა, აუცილებლად შეტყობინება მიუვიდოდა დედას და მათ ვისაც იმ დღეებში რეკავდა ბაჩალიაშვილთან. სანამ იმ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, რასაც ჩვენ ვსვამთ ამ საქმის დაწყების დღიდან, მანამდე ჩვენთვის ეს იქნება მკვლელობის ვერსია. რატომ უნდა მოეკლათ თამარ ბაჩალიაშვილი, ამ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. უკავშირდებოდა თუ არა ეს მის საქმიანობას , ამაზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი,"-აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდება, რასაც "შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა".

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ დადგენილ გარემოებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები