აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის პროტოკოლი მაისის ბოლოს მზად იქნება. ექიმების ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტზე მუშაობას მალე დაასრულებს. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, მშობლებს იმედი გაუჩნდათ, რომ მათი შვილები მედიკამენტის გარეშე არ დარჩებიან.
მშობლებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ გაბუნიამ თქვა , რომ ახლაც კლინიკები უფასოდ მოემსახურებიან იმ პატარებს, ვისაც სიმპტომური მკურნალობა სჭირდება. დღესვე გადაწყდა, რომ შშმ პირის სტატუსი მიენიჭება აქონდროპლაზიის სინდრომის ბავშვებს.
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები თვლიან, რომ ვისორიდიტი ერთადერთი მედიკამენტია დაავადების სამკურნალოდ. დღევანდელ შეხვედრაზე, მათ წამლის შემოტანის გარანტიები და ვადები მოითხოვეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის გარკვეული დრო აუცილებელია. უწყება წამლის მწარმოებლის მხრიდან მეტ კონკრეტიკას ელოდება.
შეხვედრას ომბუდსმენის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ლევან იოსელიანი იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა მოგვარდება და აქცია კანცელარიასთან მალე დასრულდება.
იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა 5 მაისს არის დაგეგმილი.