25 აგვისტო 2026,   01:35
ვრცლად
ადამიანით ვაჭრობის საქმეზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე - დაკავებული, ქალებს თანხის სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა

ტრეფიკინგის ფაქტი საქართველოში - ადამიანით ვაჭრობის საქმეზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს სასამართლო იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ტაილანდის მოქალაქეებს, ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა. ქალები საქართველოში ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც, დაკავებულმა ისინი მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, ჩამოართვა პასპორტები და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო ტაილანდის რესპუბლიკის 3 მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები, დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა," - აცხადებს პროკურორი ემზარ გაგნიძე.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მასალები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ამტკიცებს, შესაბამისად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

"ამ ეტაპზე დუმილის უფლება აქვს გამოყენებული და შესაბამისად ბრალსაც არ აღიარებს, არ დავეთანხმეთ ბრალს იმიტომ, რომ საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულებები, რომ ბრალი აღიაროს. ერთ-ერთმა დაზარალებულმა დარეკა 112-ში და იქიდან დაიწყო საქმის გამოძიება. ვფიქრობ, აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, მაგრამ ალტერნატივის სახით მაინც შევთავაზებთ გირაოს ალბათ 10 000 ლარის ოდენობით," - აცხადებს ადვოკატი ელისო დათუსანი.

 

დღის ამბები