26 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ის სიძულვილის კამპანია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" არ მოდის, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებსაც წვლილი აქვთ ამ ყველაფერში - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე ორი დღის განმავლობაში ევროკავშირი იმსჯელებს. "კურიერის" ინფორმაციით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დახურული შეხვედრა ბრიუსელში, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ზეპირი ანგარიში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარუდგინა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ხვალ ამავე დოკუმენტს ვარჰეი სტოკჰოლმში უკვე ევროპის საქმეთა მინისტრებს არაფორმალურ შეხვედრაზე გააცნობს. მანამდე კი შეფასებები კეთდება თბილისშიც.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ მხარეს ბევრ საკითხზე პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, პარლამენტმა ინტენსიურად იმუშავა 12 რეკომენდაციაზე და შუალედური შეფასებები კარგია იმისთვის, რომ ქვეყანა, ოქტომბრისთვის, საბოლოო დასკვნისთვის მოემზადოს.

რაც შეეხება ოპოზიციას, "გირჩის" ერთ-ერთი დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, პოლარიზაცია რეკომენდაციებში ერთ-ერთი ის პუნქტია, რომელზეც ოპოზიციასაც პასუხისმგებლობა აქვს გარკვეულწილად და ამ მხრივ, მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე ვერ იქნება საუბარი.

"ის სიძულვილის კამპანია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაზეც ჩვენი პოლიტიკა დგას, მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" არ მოდის, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებსაც წვლილი აქვთ ამ ყველაფერში. ამიტომ შეიძლება რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობაზეც" გადავდოთ, მაგრამ ეს ძალიან პატარა პასუხისმგებლობა იქნება, წილი რომ შევადაროთ იმას, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს გაკეთებული," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით კი, რთული სათქმელია რომელიმე რეკომენდაციას სრულად შესრულებული დაერქვას.

 

დღის ამბები