02 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
საავტორო უფლებების შესახებ დავა გრძელდება - გიგა კობალაძემ  ბრალდებებს ბრიფინგით უპასუხა და განაცხადა, რომ აუდიტს  არცერთი დარღვევა არ დაუდგენია

საავტორო უფლებების შესახებ დისკუსია გრძელდება - ყველა ბრალდებას ბრიფინგით უპასუხა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ყოფილმა თავმჯდომარემ. 

გიგა კობალაძემ "გერას" მხრიდან ცილისწამებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას რუსეთთან აქვს კავშირები. ისაუბრა კანონში შესატან ცვლილებებზეც და აღნიშნა, რომ დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე უკვე შეხვდა პრეზიდენტს. 

"აუდიტის დასკვნას, ერთმნიშვნელოვნად მინდა გავიმეორე, არც ერთი დარღვევა არ დაუდგენია. ის რიცხვები, რომელსაც ეს ადამიანები იქიდან იღებენ და აფრიალებენ, ეს არის უბრალოდ ინტერპრეტირება. დღეს გაჟღერდა, რომ მათ სურთ მიმართონ პროკურატურას.

მეც ვეთანხმები, რომ მიმართონ პროკურატურას, ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს, საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, არ აქვს მნიშვნელობა და თავად დარწმუნებიან, რომ არც ერთ დარღვევას ადგილი არ აქვს, მით უმეტეს სისხლის სამართლებრივ დარღვევაზე ხომ სასაცილოა ლაპარაკი.

უნდა დაიწყოს კანონპროექტზე ახლიდან მუშაობა, რადგან ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეს პირდაპირ გამოიწვევს სისტემის პარალიზებას, ვეღარ შეგროვდება ავტორების ჰონორარი და მოხდება ჩამოშლა მთლიანად იმ მიღწევების, რაც აქამდე ყოფილა. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს შევხვდი პრეზიდენტს, გავაცანი მთლიანად როგორც კანონმდებლობაში არსებული ეს ხარვეზები და ექსპერტების დასკვნები, ასევე მთლიანად სიტუაცია. მე როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რომ წინ აღუდგეს ამ კანონპროექტის ამ სახით მიღებას," - აცხადებს გიგა კობალაძე.  

ბრალდებებს კანონპროექტის ავტორები პასუხობენ. ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროდირექტივებს შეესაბამება. განცხადება ამ თემაზე გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ. 

"ჩვენ მოგვმართეს ამ კანონის ირგვლივ ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა, რომელსაც წარმოადგენენ ავტორები კონკრეტული პროდუქციის შემქმნელებს. მათი უკმაყოფილების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილ ექსპერტებთან ერთად, უცხოელ და არა რუს ექსპერტებთან ერთად ამაზე ვიმუშავეთ ორი წლის განმავლობაში. ავტორთა ერთმა ჯგუფმა პროკურატურასაც კი მიმართა, ვინაიდან, ბატონი კობალაძის პერსონის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ამ ადამიანის უტიფრობასთან დაკავშირებით ორი სრულიად ახალი გარემოებაც მეტყველებს. მაგალითად, როგორც კი გაბედა დავით ევგენიძემ და გამოხატა თავის უკმაყოფილება და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კუთვნილი თანხა საავტორო უფლებიდან გამომდინარე არ მიდიოდა მასთან და მიდიოდა ბატონ კობალაძესთან, ამის საპასუხოდ, მან გარიცხა დავით ევგენიძე. და მეორე, დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით და მგონი ასეულობით შემოქმედმა უკვე დატოვა ეს ორგანიზაცია, დღესაც აგრძელებს ის ფულის აკუმულირებას და დღეს მე მედიით მოვისმინე, რომ ამ ფულს ის მხოლოდ გადაანაწილებს მაშინ, თუ ავტორები დაუბრუნდებიან მის ორგანიზაციას," - აცხადებს ბექა ოდიშარია.  

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანი გიგა კობალაძის ბრალდებებს პასუხობს და კანონის რუსულ კავშირებზე გამოთქმულ განცხადებებს უარყოფს.   

"ლაპარაკობენ, რომ ეს კანონპროექტი თურმე არ შეესაბამება ევროდირექტივას და არის რუსული კანონი. მათ რომ ჩაეხედათ და კანონისთვის გადაევლოთ თვალი, ისინი დარწმუნდებოდნენ რომ ის ევროდირექტივის მიხედვით არის შექმნილი და ყველა ევროპულ სტანდარტს ემთხვევა. ჩვენ ამ პროცესში გვყავდა საერთაშორისო პარტნიორები ჩართული, რომლებიც ძალიან დიდ ქოლგა ორგანიზაციებს წარმოადგენენ და მათი კონსულტაციიდან გამომდინარე შეიქმნა ეს კანონი," - აცხადებს ბაია კვიციანი.

დღის ამბები