02 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
"გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე, სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა" - "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

მაღაროელების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს მზაობას, რომ აქციის უკიდურესი ფორმები მოლაპარაკების ფორმატში გადავიდეს.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა.

"კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" კიდევ ერთხელ გამოთქვამს უდიდეს სურვილსა და მზაობას, გააგრძელოს მოლაპარაკებები ჭიათურის საწარმოების იმ თანამშრომლებთან, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.

ჩვენთვის ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ისინი ვინც წარმოების განახლებას ელოდებიან და ისინი ვისთვისაც შეცვლილი სამუშაო გრაფიკი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

გთხოვთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე. დღეს ჭიათურის საწარმო გარდაუვალი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. ამ ვითარებაში ჩვენს შორის ურთიერთნდობის აღდგენა უმთავრესია.

კომპანია ღიად ასაბუთებს ჭიათურის საწარმოების ზარალიანობას, მაგრამ მზად არის ჭიათურისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. რისთვისაც თქვენი ჩართულობა და ორმხრივი კომპრომისი უმნიშვნელოვანესია.

გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე. ის დაძაბული ვითარება, რომელიც დღეს ჭიათურაშია გვაზიანებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ჭიათურას, რადგან ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენც მზად ხართ მოლაპარაკების რეჟიმში დასაბრუნებლად. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა. ყველას გვსურს, განახლდეს წარმოება და დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ადგილებს," - ნათქვამია "ჯორჯიან მანგანეზი"

დღის ამბები