02 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
"საშუალო დარიცხული ხელფასი 3200 ლარი იყო, იძულებული გავხდით, მონაცემები გაგვესაჯაროებინა"- "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი

მაღაროელთა გაფიცვის მე-18 დღე - ჭიათურელები პროტესტს განაგრძობენ და ამ ეტაპზე, 14 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთს აყენებენ. დასაქმებულები მზად არიან, სამუშაოს დაუბრუნდნენ, თუ მათი ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება.

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანიის ფინანსური ზარალი, ამ მომენტისთვის, ჭიათურაში, 32 მლნ დოლარს შეადგენს და, ამ ფონზე, დასაქმებულების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა ალოგიკურია.

ამასთან, როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო თებერვალში გაჩერდა, თანამშრომლებს ხელფასების 60 პროცენტი და სადაზღვევო პაკეტი შეუნარჩუნდათ, ამასთან, რამდენიმე ბანკში, კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, მაღაროელებს შეუჩერდათ კრედიტების გადახდის ვალდებულება.

გიორგი ტატიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ჭიათურელი მაღაროელების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელსა და მედიაში, განსხვავებული ციფრები სახელდებოდა, კომპანიამ, გაფიცულებთან შეთანხმებით, სახელფასო მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, მაღაროელების საშუალო დარიცხული ხელფასი 3200 ლარია.

"37 თანამშრომლის ხელფასების ცხრილი გასაჯაროვდა მას მერე, რაც ეჭვი შეიტანეს, კონკრეტულად, ერთი ადამიანის ხელფასის რაოდენობაში, რომ მას, ბოლო წლის განმავლობაში, რეალურად, 3400-ზე მეტი ლარი ერიცხებოდა. მზად ვართ, თანხმობის შემთხვევაში, გარდა 37 ადამიანისა, სხვების სახელფასო მონაცემებიც გამოვაქვეყნოთ. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი კარგად სცემს პასუხს, იმ ბრალდებებს, რომ თითქოს ჩვენ ვიტყუებოდით. ამ რიცხვების უკან დგას საბანკო ამონაწერები, რომლის გაყალბება წარმოუდგენელია,"- ამბობს ტატიშვილი.

მისი თქმითვე, ჯერჯერობით, გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებებში წინსვლა არ არის, თუმცა, გიორგი ტატიშვილი თვლის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი საშუალებაა.

"მანგანუმის კონცენტრატზე მოთხოვნა და ფასი საერთაშორისო ბაზარზე ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული. კომპანიის ფინანსური ზარალი, ამ მომენტისთვის, ჭიათურაში, 32 მლნ დოლარს შეადგენს. კომპანია ზღვარზეა თავისი ფინანსური რესურსის ამოწურვის. თებერვლიდან , კომპანიას შეჩერებული ჰქონდა სამუშაოები და ამ ხნის განმავლობაში, თანამშრომლებს ხელფასებს უხდიდა 60 პროცენტის რაოდენობით, შენარჩუნებული ჰქონდა სხვა ბენეფიტებიც და მიუხედავად ამისა, მივიღეთ ის, რასაც ახლა ვხედავთ, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი გვექნება, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს,"- განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, "ჯორჯიან მანგანეზმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.

დღის ამბები