19 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
ომბუდსმენმა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და მის მაცხოვრებლებს შეხვდა. სახალხო დამცველის ცნობით, დასახლებაში, რომელიც 2012 წლიდან არსებობს, ძირითად გამოწვევად კვლავ ინფრასტრუქტურული პრობლემები რჩება, დღემდე არ არის საკანალიზაციო სისტემა, გზა, ხოლო ელექტროგაყვანილობა კუსტარულად არის დამონტაჟებული, რაც საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს.

"ოცნების ქალაქის" მაცხოვრებელთა თქმით, მათთვის უცნობია თუ რა კრიტერიუმებით მოხდება მათი განსახლება ახალ შენობაში, რომელსაც ქალაქის თვითმმართველობა აშენებს, ვინაიდან სახლი მხოლოდ 580 ოჯახზეა გათვლილი, მაშინ, როცა დასახლებაში ამ ეტაპზე 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, მოსახლეობა ითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რომ ყველა ოჯახი ბინით უზრუნველყოფილი იქნება.

ამავე ტერიტორიაზე სახალხო დამცველმა ყოფილი სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსი, ე.წ. ყაზარმების კორპუსი მოინახულა, სადაც 30-ზე მეტი ოჯახია თვითნებურად შესახლებული. შენობა დანგრევის პირას არის მისული და მასში ყოფნა საფრთხის შემცველია, მითუმეტეს, იქ მცხოვრები ბავშვების, მოხუცებისა და შშმ პირებისთვის.

სახალხო დამცველი წლებია სწავლობს "ოცნების ქალაქში" არსებულ ვითარებას და შესაბამის ორგანოებს მუდმივად მიმართავს რეკომენდაციებით, თუმცა, მოსახლეობა კვლავ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას,"- ნათქვამია "სახალხო დამცველის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები