18 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
პირველად 1981 წლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის - ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის ქართველი ფეხბურთელი შეიყვანეს. ხვიჩა კვარაცხელია, პარიზში, შატლეს წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა.

იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე თეატრის სცენაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ავიდა, ნომინანტთა შორის კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა.

მესი უსასრულობაა - ასე უწოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო დაჯილდოების ორგანიზატორებმა არგენტინელ ფეხბურთელს, რომელსაც ეს ჯილდო მერვედ გადასცა. ლიონელ მესი ოქროს ბურთის ღონისძიებაზე მეუღლესთან ანტონელა რაკუცოსთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მესიმ მერვე ოქროს ბურთი დიეგო მარადონას მიუძღვნა.

ოქროს ბურთის რიგით 67-ე ცერემონიაზე 36 წლის არგენტინელი 17 იყო ნომინანტთა შორის, მესიმ, 2022 წელს, ყატარში, არგენტინის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ქალთა შორის გამარჯვებული "ბარსელონას" ფეხბურთელი აიტანა ბონმატი გახდა. 25 წლის ესპანელმა, კატალონიურ კლუბთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო, რომელიც რაიმონ კოპას სახელს ატარებს ჯუდ ბელინგემს გადაეცა, "სოკრატესის პრიზი," რაც საქველმოქმედო პროექტებში აქტიურ მონაწილეობასა და სამოქალაქო აქტიურობას ითვალისწინებს, ვინისიუს ჟუნიორმა მიიღო. ვინისიუსი ბრაზილიაში საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც უსახლკარო ბავშვებს ეხმარება. განსაკუთრებული ატმოსფერო იყო შექმნილი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გულშემატკივრებმა ლიონელ მესის ემოციური დახვედრა მოუწყვეს და ოქროს ბურთის რეკორდსმენი შატლედან ოვაციებით გააცილეს.

დღის ამბები