18 ოქტომბერი 2024,   07:10
ვრცლად
საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა - რას უკავშირებს ხელისუფლება გაზრდილ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს

სტატისტიკის დეპარტამენტმა დაკორექტირებული მონაცემები დღეს გამოაქვეყნა. დაზუსტების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა ფასებში 72 მილიარდს გადააჭარბა, რამაც გასული წლის ეკონომიკური ზრდის ნიშნული 10.1-დან 10.3 პროცენტამდე გაზარდა. საქსტატის განახლებული ინფორმაციით, პროგრესი მიმდინარე წელსაც გრძელდება. 2022 წელთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის პირველ კვარტალში 8, ხოლო მეორეში 7.8 პროცენტი შეადგინა. საერთო ჯამში კი 2023 წლის 9 თვეში ეკონომიკური პროგრესის მაჩვენებელი 7 პროცენტს უტოლდება.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო - ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო 3-წლიანი პოზიტიური დინამიკის მთავარ წინაპირობად ასახელებს. უწყებაში ამბობენ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უწყვეტი მაჩვენებელი, მოქალაქეების კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

ეკონომიკურ ზრდაზე განსაკუთრებული როლი, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე მოდის. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველო ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. გაიზარდა სატრანზიტო პოტენციალიც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ მოლოდინს აჩენს.

განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს დადებითად აფასებენ ეკონომისტები. ანალიტიკოსების აზრით, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება - ექსპერტებისთვის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებელი პირობა იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განახლებულ მონაცემებს 2023 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დეკემბერში გამოაქვეყნებს.

 

დღის ამბები