მსახიობ კოსტა სანიკიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 24 წლის გიორგი გველესიანს ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში უყენებენ. როგორც მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან ამბობს, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატი დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს. დაკავებულს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
"პოზიციას ოდნავ მოგვიანებით გავახმოვანებ. მე ვესაუბრე უკვე პიროვნებას, რომელიც უკვე დაკავებულია. დეტალებთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად ვისაუბრებ. გამოძიების პროცესში დუმილის უფლებას იყენებს.
მომხდართან დაკავშირებით, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის და ამას შესაბამისი სამართლებრივი განმარტებებიც ექნება," - აღნიშნა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.
"რუსთავი 2-ის" პროექტის, "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა. სანიკიძე უკვე პალატაშია, მასთან გამომძიებლები იმყოფებოდნენ. სანიკიძემ პირველი კომენტარი "კურიერთან" გააკეთა.