უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები თბილისში, დილიდან, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს - მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,"- აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც ასევე თქვა, რომ სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არესტოვიჩის რიტორიკა არასწორია, რადგან ის რუსულ პროპაგანდას ეხმარება.
„ეს ადამიანი ჩაერთო ჯერ არარსებულ წინასაარჩევნო პროცესში და ამის გამო ხდება ეს განცხადებები. ის ფურცელი, რომელსაც აწერს ხელს რუსეთი რომელიმე ხელშეკრულებას, ის ფურცელიც კი არ ღირს იმ ხელშეკრულებად. არ შეიძლება დაიჯერო რუსეთის არც ერთი დანაპირები, ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, კვებავს მხოლოდ პრორუსულ ძალებს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.