კეზერაშვილის შემდეგ, ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი, ისედაც ყველამ იცოდა, რომ ხაზარაძე იყო ოლიგარქი, თუმცა ეს იყო პირდაპირი აღიარება, მას გარდა იმისა, რომ საკუთარი პარტია აქვს შექმნილი, აქვს პირდაპირი გავლენები ტელევიზიებზე, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე არის ადამიანი, რომელსაც 90-იან წლებში კორუფციით აქვს ნაშოვნი ფული.
"მას შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" თემა. ის ახორციელებს შესაბამისი ტელევიზიების დაფინანსებას, რომ მიიღოს შესაბამისი სატელევიზიო დაფარვა. მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც კორუფციით აქვს ნაშოვნი ფული ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მერე სააკაშვილის რეჟიმიდანაც შოულობდა ფულს, ბიზნესის რეკეტის ფორმაში იყო ჩართული, ის ვერ გაუტოლდებოდა სააკაშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს, მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იმ სქემისა, რომელიც იყო დაკავშირებული ბიზნესის რეკეტთან," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, "არტარეასა" და "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
"გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ "არტარეამ" კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?" - აღნიშნა ხაზარაძემ.