15 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
"ლელოს" შემწეობით, პარალიზებულია ორი ოპოზიციური ტელევიზია და იქ მხოლოდ "ლელოური ამბები" გადის - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, "ლელოში" აბსურდულს უწოდებენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი გარკვევით განმარტავს, თუ ვინაა საქართველოში ოლიგარქი.

"გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, ნათქვამია. ჩემთვის ეს არის ამის გამოხატულება. ნუ, რა ქნას ახლა ამ ხალხმა. გასაგებად უთხრა ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, რეზოლუციაშიც ჩაწერეს, ევროკავშირის ყველაზე გავლენიანმა გამოცემაც გამოაქვეყნა - ვინ არის ოლიგარქი საქართველოში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებებია დანარჩენ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ
"ლელოს" ლიდერის კონკრეტული განცხადება ვერ ჩაითვლება, რომ მამუკა ხაზარაძე აკმაყოფილებს ოლიგარქის კრიტერიუმებს.

რაც შეეხება "გირჩს", იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ლელოს" შემწეობით, ფაქტობრივად პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური ამბები და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა.

"ყველა ხვდება, რომ "ლელოს" მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პარალიზებულია პოლიტიკური თოქ-შოუებისთვის და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია. ამაზე მავნებლურ საქმეს "ლელო" ვერაფერს გააკეთებდა, ჩემი აზრით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტელევიზიებისთვის ფული გადაეხადა იმაში, რომ მართლა პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო და ჩვენ არსებით საკითხებზე გველაპარაკა, "ლელოს" შემწეობით, ფაქტობრივად პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის "ლელოური ამბები" და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, "არტარეასა" და "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.

"გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ "არტარეამ" კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?", - აღნიშნა ხაზარაძემ.

დღის ამბები