16 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ევროკომისიამ ხაზი გაუსვა იმ შრომას, რომელიც წარიმართა "ქართული ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში - ანრი ოხანაშვილი რეკომენდაციების შესრულებასა და სტატუსის მიღებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პოზიციის მიუხედავად, თავად ევროკავშირის დათქმებთან დაკავშირებით იმუშავებენ ისე, როგორც ეს წინა შემთხვევაში, 12 რეკომენდაციის შესრულებისას მოხდა და მათ აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ევროპელ პარტნიორებთან.

"ევროკომისიამ ხაზი გაუსვა იმ გაწეულ შრომას, რომელიც წარიმართა "ქართული ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში. ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები დაკავებულნი იყვნენ ევროპაში სიარულის დროს იმით, რომ ეთქვათ - სამუშაო ჯგუფები იყო არაფრის მომცემი. ჩვენ უკვე გადავდგით პოზიტიური ნაბიჯი, რომ გაიხსნას დისკუსია, ვის როგორ ესმის კონკრეტულ საკითხზე მუშაობა, ვინ რა შინაარსს ხედავს კონკრეტულ პრიორიტეტში. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, სივრცე იყოს იმისთვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ დისკუსიის შესაძლებლობა და თუ ისინი აქ მიიღებენ მონაწილეობას, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება მოლოდინს, რა თქმა უნდა, ნაკლები მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი შინაარსობრივად ჩაერთვებიან და მოწადინებულები იქნებიან წვლილი შეიტანონ ამ პროცესში," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, ევროკავშირში კარგად იციან, რომ საქართველო ასრულებს იმ დათქმებს, რაც ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის კარგი იქნება.

ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოლოდინშია - ევროკავშირის "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნის" პროექტს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს განიხილავენ. 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. წინასწარ დოკუმენტში, საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით. ტექსტში ხაზგასმულია, რომ "ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფს მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად."

 

დღის ამბები