18 ოქტომბერი 2024,   06:08
ვრცლად
შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის - ილია დარჩიაშვილი

რამდენიმე დღე ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე და პოზიტიური გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან. ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და აღიარებს ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირის სამიტამდე 3 დღით ადრე, დღეს, ბელგიის დედაქალაქში, ევროპის საქმეთა მინისტრები იკრიბებიან - სწორედ ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ქვეყნების ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. მთავარი თემა ამ შეხვედრაზე სამიტის მომზადება და ევროკავშირის გაფართოების პაკეტია, რომლის ანგარიშიც, ევროკომისიამ 8 ნოემბერს წარადგინა.

ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. დღეს ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპის ქვეყნებიდან არც ერთი მოიძებნება, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია.

“შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ეს გვიქმნის ძალიან დიდ მოლოდინებს და დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო სწორედ უახლოეს დღეებში კვირის ბოლოსთვის მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მე შემიძლია დღეს ვუთხრა ჩვენ მოსახლეობას, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო წევრი ქვეყნების ერთიანობა იყო საქართველოსთან მიმართებაში.

ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობას ცალსახად უსვამს ხაზს თითოეული ქვეყანა. ის, რომ ევროკავშირი უნდა გაიზარდოს, გაძლიერდეს და სწორედ ჩვენი მთავარი გზავნილიც ყოველთვის ეს არის ხოლმე, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ კონკრეტული შედეგები ამ პროცესიდან, არამედ ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული ოჯახის გაძლიერებაში. შესაბამისად, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არის გენერალური კონსენსუსი ყველა წევრ ქვეყანას შორის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხში დადებითი დასკვნა იქნება მიღებული.

​"დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მათ შორის საქართველოს საკითხიც დეტალურად იქნება მინისტრების მხრიდან განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ კომისარი ვარჰეი , მინისტრებთან განხილვის შემდეგ, ასევე გაგაცნობთ ამ კონკრეტულ საკითხს. მოგეხსენებათ, ჩვენ არ შეგვიძლია საბჭოს ფორმალურ განხილვას წინ გავუსწროთ.

ვფიქრობ, რომ გაფართოება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ლიდერების დღის წესრიგში ხუთშაბათს. ცხადია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ისტორიული სამიტი იქნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმედი მაქვს იქნება დადებითი დასკვნები.

რაც შეეხება ორბანის ვეტოს, დიპლომატია მთელი სისწრაფით მუშაობს. ლიდერები ერთმანეთთან ურთიერთობენ. მე ვიცი, რომ ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მჭიდრო კავშირშია ყველა ლიდერთან. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მხრიდანაც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროსაბჭოს დადებითი შედეგი გვქონდეს," - განაცხადა ევრო-პრეზიდენტმა.

დღის ამბები