06 ივლისი 2024,   01:29
ვრცლად
ათასობით პროცენტით გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს - ჯანდაცვის უწყება კონკურენციის სააგენტოს მიმართავს

მედიკამენტები, რომლებზეც სახელმწიფოს რეფერენტული, ანუ ზღვრული ფასი დაწესებული არ აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებში 2000 ან 3000-პროცენტიანი ფასნამატითაც კი იყიდება. უწყების მიერ დღეს გასაჯაროებული ეს ინფორმაცია, კონკურენციის სააგენტოსთვის, მოკვლევის დაწყების წინაპირობაა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, სააგენტო, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციისა და შესაძლო გადაცდომების შესწავლას მომდევნო თვიდან დაიწყებს. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს წლიური მოგების 5 პროცენტის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ.

"ჰაიზენი", "ფლოქსაზოლ", "ეტრიციბი", "ოფლაბ ოზი", "ზინასენი" - ეს იმ მედიკამენტთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც 600-დან 3000%-მდე გაძვირებული იყიდება. "კურიერმა" დღეს ინფორმაციის გადამოწმება ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელშიც შეძლო, სადაც დაადასტურეს, რომ, მაგალითად, "ზინესენი", რომლის რეალური ღირებულება 7 ლარია, 38-ლარიანი ფასნამატით იყიდება.

სააფთიაქო ქსელებში კონკრეტული მედიკამენტების ათასჯერ გაზრდილ ფასს, ყველაზე მძიმედ ქვეყნის მოსახლეობა გრძნობს. ამბობენ, რომ, საჭიროების გამო, მაინც უწევთ წამალზე გაასმაგებული ღირებულების გადახდა და სწორედ ამიტომ, რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ სახელმწიფოსგან.

მედიკამენტებზე ფასნამატის ევროპულ პრაქტიკა რომ განსხვავებულია, ამას ფარმაცევტთა ასოციაციაშიც ადასტურებენ. სპეციალისტების თქმით, სტანდარტულად ფასის ზრდა დასავლეთში 2-დან 40 პროცენტამდე მერყეობს. ათასი და მეტი პროცენტით გაძვირება კი, მათი თქმით, ხელმისაწვდომობის პრობლემასთან ერთად, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლო დარღვევებს არ გამორიცხავენ ეკონომისტები. ანალიტიკოსების აზრით, მთავრობამ სამომავლოდ ფასების დარეგულირება მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესების თანაბარი გათვალისწინებით უნდა შეძლოს, რაც, ჯანსაღ ბიზნესგარემოსთან ერთად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასაც გაზრდის.

მსხვილი სააფთიაქო ქსელების უმრავლესობამ ბაზარზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით, დღეს განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. განცხადება, დღის ბოლოს, მხოლოდ პსპ-მ გამოაქვეყნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს. დანარჩენ კომპანიებს ფასნამატებზე საუბარი არ სურთ.

ამ დროისთვის, პრემიერის ინიციატივით, სახელმწიფოს 3200-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის რეფერენტული ზღვარი აქვს დაწესებული, რამაც მოსახლეობის ფარმაცევტული ხარჯები წლიურად 400 მილიონი ლარით შეამცირა. მომდევნო წლიდან, პენსიონერებისთვის, ქრონიკულ მედიკამენტებზე არსებული დაფინანსების ლიმიტი სრულად მოიხსნება.

დღის ამბები