16 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ პარლამენტარებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის სამშენებლო სამუშოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, უკვე აშენებულია 8 შენობა და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. თითქმის დასრულებულია რეინჯერების შენობის მშენებლობა და დაწყებულია გადახურვის სამუშაოები; მიმდინარეობს უზრუნველყოფის შენობის სამშენებლო სამუშაოები; ამოყვანილია სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შენობის სამი სართული.

სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობას გასულ წელს სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი. ერთ-ერთი შენობის ფუნდამენტში კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ჩადეს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტის - თავდაცვის ძალებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამართვის მკაფიო მაგალითია.

დღის ამბები