დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
„მოგესალმებით, მეუფე შიო, მეუფენო, ძვირფასო მეგობრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, მედიის წარმომადგენლებო! მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი.
დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი.
შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობასა და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა.
შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნის, ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს.
საგანძურში წარმოდგენილ ხელოვნების თითოეულ ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა, მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და, ხშირად, თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანძურის კვლევა და დაცვა დაკავშირებულია ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში ემიგრაციის ურთულეს პირობებში უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა დედაეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. საყოველთაოდაა ცნობილი მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს − ბატონ დავით ლორთქიფანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას, მე არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა; საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მათ შორის: ტიხრული მინანქრის ხატწერის იშვიათი ნიმუშები, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ანჩის მაცხოვრისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატები, დავით აღმაშენებლის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის ბარძიმი, თამარის ჯვარი და ა.შ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.