სახიფათო და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ლელოს" ინიციატივას. ოპოზიციური პარტია ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი, მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გაუქმდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან.
განცხადება მამუკა ხაზარაძემ ყრილობაზე გააკეთა. "ლელოს" ინიციატივას "ქართულ ოცნებაში" უკვე უწოდეს ფაშისტური.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეს უკვე პოლიტიკაში აღარ დაედგომება.
"ბატონმა ხაზარაძემ თუ ასე გააგრძელა, არამხოლოდ ოპოზიციიდან, სადაც უკვე დასცინიან მის განცხადებებს, არამედ საკუთარი პარტიიდანაც გარიცხავენ. პარტიის თავმჯდომარე, რომელიც აანონსებს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვა ყაზბეგის ტრასებს აყრის და რუსულ ტანკებს შეეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, არათუ ოპოზიციაში, არამედ პოლიტიკაში არ დაედგომება. როგორც ხაბეიშვილია მარგალიტი, ისეთივეა ხაზარაძე "ლელოსთვის". თუ გაჩუმდება უფრო მეტ ხმას მიიღებს. რუსეთის მოქალაქეები უამრავი არიან ეთნიკურად ქართველები და ეს მან უნდა იცოდეს," - აცხადებს მაჭარაშვილი.