21 დეკემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ძლიერი ქარი თბილისსა და რეგიონებში - რკინის კონსტრუქციამ კახეთში 79 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

79 წლის მამაკაცი ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა რკინის კონსტრუქციამ იმსხვერპლა. ომარ გავარდაშვილი საკუთარ ეზოში შეშას ჭრიდა, რა დროსაც საზოგადოებრივი მოსაცდელის ლითონის ნაგებობა ქარმა მოწყვიტა და მამაკაცს დაეცა. შემთხვევა სოფელ ქისტაურში მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა თელავში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი გადახადა. ქარმა დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები. რეგიონის მასშტაბით 50 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა თელავშიც. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეებიც, რის გამოც გადაადგილება რამდენიმე საათით შეზღუდული იყო ლაგოდეხი-ყვარლის და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით. ქარმა წინანდალში, გურჯაანსა და თელავში საახალწლო ნაძვის ხეებიც წააქცია.

სტიქიამ პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. ქარმა რუსთაველის გამზირზე ოთხ სართულიან შენობაზე შუშები ჩაამსხვრია. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორმა.

ძლიერმა ქარმა დააზიანა რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადიც და ჩაამტვრია მინები. შემთხვევის შედეგად არც პაციენტები და არც მომსახურე პერსონალი არ დაშავებულა.

სტიქიის შედეგებს ებრძვის თბილისის რამდენიმე რაიონი. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და საახალწლო ილუმინაციები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილსაც დაეცა. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა, სადაც რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.

მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ თბილისის მერიის სამსახურები. სტიქიის ზონებში რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც. ამოქმედებულია მერიის ცხელი ხაზიც.

დღის ამბები