საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უფრო დიდ ეროვნულ მიზნებს ემსახურება, ვიდრე ეს "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებაა. მისივე შეფასებით, ოპოზიციის მცდელობა, ივანიშვილის დაბრუნება სწორედ არჩევნებში გამარჯვებას დაუკავშირონ, "სასაცილოდ და სასოწარკვეთილად" გამოიყურება.
"ოპოზიციის ეს განცხადება ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება. გასაგებია მათი მდგომარეობა, მე მესმის, რა მდგომარეობაში არიან. აბსოლუტურად განადგურებულები არიან, რაც ყველამ კარგად ვიცით და მათი ეს განცხადებაც გასაგებია. სასაცილოა, რა თქმა უნდა.
ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, ბევრად უფრო დიდ, დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს, კიდევ უფრო მეტად სტაბილურს და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს.
რაც შეეხება ოპოზიციას - მოისმინეთ ალბათ თავად ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს აღარ არსებობს, პრაქტიკულად, განადგურებულია. არ ისმის ოპოზიციის არცერთი ნორმალური საღი კრიტიკა. "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება. ჩვენი პრეტენზია, ჩვენი მიზანი არის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას," - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის მმართველი გუნდის წევრებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილების მიზეზები მან დეტალურად განმარტა.