16 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
"ახლო მომავალში გამოჩნდება, რისთვის დაბრუნდა" - როგორ აფასებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას

ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე შეფასებები კეთდება. პარტიები არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ, ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მათივე თქმით, "ოცნება" რთულ ვითარებაშია და ბიძინა ივანიშვილის დახმარება სჭირდება.

"ის არსად წასულა. შეეშინდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერის იმ სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რადგან ხალხმა ძალა ირწმუნა. ხალხთან ერთად ვიმარჯვებთ 2024 წელს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება "ქართული ოცნების" კრიზისზე მიუთითებს.

"მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას", მით უფრო 2018 წლის პირველად მობრუნებას თუ გავიხსენებთ. მან თავადაც ისაუბრა პრობლემაზე, იქნება ეს, ერთი მხრივ, სამ კაცთან საუბრის უკმარისობა, რომ არ ყოფნის 3 კაცთან არაფორმალურად საუბარი საქმეს, ისევე, როგორც კორუფციის საკითხს და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის კრიზისი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ კი ივანიშვილის ძველი გამოსვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდს "ძალიან მძიმედ აქვთ საქმე".

"ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა, რომ მე თუ მომიწია პოლიტიკაში მობრუნება, ე.ი. ძალიან მძიმედ არის ჩვენი საქმეო და დიახ, სწორედაც ძალიან მძიმედ აქვთ საქმე. ამიტომ, ერთადერთი შანსი, მათი აზრით, არის ის, რომ ღიად წარსდგეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე," - აცხადებს გია ბარამიძე.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი მიიჩნევს, რომ წესით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების რეალური მიზეზი ახლო მომავალში უნდა გამოჩნდეს.

"მე არ მეგონა, მართალი გითხრათ, რომ დაბრუნდებოდა. რადგან დაბრუნდა, ე.ი. მართლა არის საჭირო და, ალბათ, ახლო მომავალში გამოჩნდება, თუ რისთვის დაბრუნდა კონკრეტულად. ალბათ რამე ცვლილებებს დავინახავთ. თუ ეს ცვლილებები არ მოხდა, ალბათ აუხსნელი იქნება ამ ცვლილებების გაკეთება. ოპოზიცია რომ ძალიან სუსტია და ვერ ახერხებს ქართული ოცნების სათანადო კონტროლს, ეს ნამდვილად ასეა. თუ ოპოზიცია გააგრძელებს იმავენაირად ქცევას, ბუნებრივია, დამარცხდება,"- აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის მმართველი გუნდის წევრებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილების მიზეზები მან დეტალურად განმარტა

დღის ამბები