16 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით - ირაკლი კობახიძე

გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია „ნაცური“ თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას ურჩევს, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურსა და ლილუაშვილს, რომლებიც "პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან".

„გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი:

ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად ბასიანში და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა და ენჯეოშნიკმა ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით - რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ ჰპირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და რატომ ჩაჰყვა ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას ჰპირდებოდა.

არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“, - წერს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები