"გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება"- პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გამოწვევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ წერილობით უპასუხა.
ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ანეკდოტს უწოდებს და ამბობს, რომ მიმართვა აბსურდულია, რადგან გიორგი გახარიას მიმართ კითხვები აღარ დარჩა დასასმელი.
ირაკლი კობახიძე იხსენებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის და პრემიერობის პერიოდს უკავშირდება- მათ შორისაა, კლუბ ბასიანში პოლიციის შესვლა, მესტიაში განვითარებული მოვლენები, ოცი ივნისი და მელიასთან მიმართებით განვითარებული პროცესები. ირაკლი კობახიძემ გახარიას მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდა. სწორედ გუნდის ღალატთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების პასუხად, გუშინ, გიორგი გახარიამ ოცნების დამფუძნებელი დებატებში გამოიწვია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, როდესაც პოლიტიკოსი ბრალდებებს ისვრის, იმის გამბედაობა და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მეორე მხარეს დებატებში დაუჯდეს და ღიად ესაუბროს.
"ეს როგორი გამომწერი მყოლია "ტიკ-ტოკზე". ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება. როდესაც გამოდიხარ და რაღაც ბრალდებებს ისვრი, უნდა გქონდეს იმის პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ მეორე მხარეს დაუჯდე და ღიად ესაუბრო", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, გახარიას პარტიასთან არანაირი კოალიცია არ აქვთ და მოვა დრო, როდესაც გახარია, საკუთარი დანაშაულების გამო, პასუხს აგებს.
"დადგება დღე, როდესაც ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის - გახარიას მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როდესაც თვალი გამოთხარა ახალგაზრდებს. ჩვენ გახარიას პარტიასთან კოალიცია ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ გვქონდა გარკვეული შეთანხმებები საკრებულოებში, თუმცა მათაც უკვე აზრი დაკარგეს დიდი ხნის წინ. მე არ მგონია, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ნიკა მელია იყო, მე მგონია, რომ სხვა მიზეზებიც არსებობდა, მაგრამ ამაზე თვითონ გახარია გიპასუხებთ უფრო კარგად", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.