პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც "ლელოს" ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების ანუ, 289 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზარაძეს წარსული და რუსეთთან კავშირები შეახსენა. მისივე თქმით, ხაზარაძე არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ "პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ - რას ეტყვიან, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს".
ამასთან, როგორც პაპუაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციას მარცხის შიში აქვს, რის გამოც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყეს.
"ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი - პროექცია. როდესაც ადამიანი საკუთარი პრობლემებისა თუ თვისებების პროექციას სხვაზე ცდილობ. ეს ნიშანდობლივია განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ასე ხშირად ახსენებს რუსეთსა და მოსკოვს. კომკავშირის ყოფილი მდივანი, რომლისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი, საერთოდ რომ საუბრობს მოსკოვთან დაკავშირებით, სასაცილოა, ეს არის პროექცია.
როდესაც ერთხელ იქნები კომკავშირის მდივანი და მოსკოვი იქნება შენი ცენტრი, ვხედავთ ახლა, რომ სხვა ქვეყნებში, დედაქალაქებში, სხვაგან ეძებს ცენტრს. ეს არის ამ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ის არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ - რას ეტყვიან, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომ, სასაცილოა საერთოდ, როდესაც "ლელო" და მამუკა ხაზარაძე საუბრობენ მოსკოვზე, რუსეთზე და ასე შემდეგ. თავადაც თქვა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო. არ ვიცი, ასეთი ადამიანისგან მოსკოვსა და რუსეთზე საუბარი სასაცილოც არის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.