პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "ხალხის ძალის" წერილს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების საჭიროება არ არსებობს. მან ხაზი გაუსვა, რომ "ნაცმოძრაობას" საზოგადოებამ უკვე არაერთხელ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი.
"პირადად ჩემთვის, ყველაფერი დღესავით ნათელია და, ამ თვალსაზრისით, რაღაც მეტი გამოძიების საჭიროება, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საუბარია პოლიტიკურ გასამართლებაზე და პოლიტიკური გასამართლება კი არაერთხელ შედგა ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, არაერთხელ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას", მიუხედავად იმისა, თუ რომელ ნიღაბს იქნება ამოფარებული.
ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური განაჩენი და, ამ თვალსაზრისით, უკვე გასამართლებულია. რეალურად, დარწმუნებული გახლავართ, რომ ასეთივე იქნება რეზულტატი და ეს განაჩენი უცვლელად დარჩება 2024 წლის შემოდგომის არჩევნებზეც,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.