„ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო პროცესზე, ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში, ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები, მოსაზრებები დააფიქსიროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.