მმართველ პარტიაში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გაყრის არ სჯერათ. "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ექსპრეზიდენტი, ფაქტობრივად, კონკურენტი ძალის ლიდერად, "ვივა მედში", მისი პალატის დატოვების შემდეგ დაასახელა. თქვა, რომ საარჩევნოდ ხაბეიშვილის "ნაცმოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს, თუმცა ნიკა მელიასა და სხვა ყოფილ "ნაციონალებთან" კოლაბორაცია არ გამორიცხა. "ქართული ოცნებისთვის" ამ ფორმით სააკაშვილისგან დისტანცირების მცდელობა აბსურდულად გამოიყურება. პარლამენტის სპიკერმა გვარამიას, დღეს, დაანონსებული პარტიის პრეზენტაციამდე, პოლიტიკური წარსულიც შეახსენა.
მედიასთან დღეს თავად გვარამია აღარ გამოჩენილა. მის მიერ უარყოფილ "ნაცმოძრაობაში" კი ყოფილი თანაგუნდელის ღიად გაკრიტიკება გაუჭირდათ. შეფასებაში უფრო მკვეთრი და კრიტიკული იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" საარჩევნო ალიანსში მყოფი "სტრატეგია აღმაშენებელი."
"ნაციონალური მოძრაობისგან" გვარამიას დისტანცირება წარმოუდგენელ პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნიათ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკოსების თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებელი, წლების განმავლობაში, სწორედ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. ეს ფაქტი ნიკა გვარამიას ახალ განცხადებებს დამაჯერებლობას უკარგავს.
სააკაშვილი უდრის გვარამიასა და "ნაცმოძრაობიდან" წასულ ყველა პოლიტიკოსს - ტოლობის ნიშანი დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში დასვეს. ნიკა გვარამია, როგორც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი და პროკურორი, კანონმდებლებისთვის, "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებული ფიგურაა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული "მთავარი არხის" დამფუძნებელი, რამდენიმე თვეა, პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება. გვარამია 2024 წლის არჩევნებზე გამოსვლას 5 ნომრის ქვეშ გამორიცხავს და ახალ მოკავშირეებს ეძებს.