23 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ოჯახში ძალადობის ფაქტი ოზურგეთში - ქმარმა 25 წლის მეუღლეს სცემა

გურიის სოფელ ნატანებში, ახალგაზრდა ქალს ქმარმა იმის გამო სცემა, რომ საძოვარზე გაშვებული პირუტყვი უკან დროულად არ დააბრუნა. მსხვერპლს მუშტი ჯერ მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა.

25 წლის ქალმა ცემის შესახებ დედას უამბო და დახმარება ითხოვა. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ირმა ქარცივაძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მეუღლეებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მამაკაცი ქალზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. იმუქრებოდა ცოლის და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობით.

მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ის დავით მარგველაშვილია. დანაშაული ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მოხდა. ადგილობრივებმა 25 წლის ქალის ცემის ამბავი იციან, თუმცა კამერებთან საუბარი არ სურთ.

25 წლის ირმა ქარცივაძე ახლა ბათუმში, მშობლების სახლში, მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. პოლიციამ უკვე გამოკითხა ახალგაზრდა ქალიც და მისი ოჯახის წევრებიც. სავარაუდო დამნაშავეს, დავით მარგველაშვილს, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე ბათუმის სასამართლო იმსჯელებს.

დღის ამბები