25 აგვისტო 2026,   01:36
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლო დღეს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატის ინფორმაციით, დასკვნით სიტყვას იტყვის თავად დაკავებულიც, რომელსაც გამოძიება ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავება.

ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ ლაზარე გრიგორიადისი პროცეს ფიზიკურად არ დაესწრება და ის დისტანციური ჩართვით შეუერთდება სასამართლო სხდომას.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, შინაგან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ლაზარეს დედის, თამთა კალანდაძის განცხადებით, სასამართლო მაქსიმალურად შეეცდება, ლაზარეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

"ვისურვებდი, გვქონდეს სამართლიანი სასამართლო და დადგეს გამმართლებელი განაჩენი. ლაზარეს მიმართ არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი, მაგრამ ჩვენი სასამართლო ყველანაირად შეეცდება, რომ გამოუტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. როცა დადგება გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ.

ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მსჯავრდებულს უფლება აქვს შეწყალების მოთხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რასაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ.

"ძირითადად აპელირებას გავაკეთებთ ბრალდების მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელიც ვერაფრით დააკმაყოფილებს იმ გონივრული ეჭვის სტანდარტს, რომელიც იქნება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. დაცვის მხარეს მოლოდინი გვქონდა გამამტყუნებელი განაჩენის და ეს მოლოდინი არ შეცვლილა. თუ დადაგა გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულს აქვს უფლება მეორე დღესვე მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რომელ უფლებასაც აუცილებლად გამოვიყენებთ", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობა ვდეო ჩანაწერებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება.

"დასკვნითი სიტყვისას, ბრალდების მხარე დეტალურად მიმოიხილავს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს, დეტალურად გაშლის თითოეული მოწმის ჩვენებას, მათ შორის, იმ მოწმეების ჩვენებას, რომლებმაც ლაზარე გრიგორიადისი ამოიცნო. საქმეზე ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რიგ შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო ავტომობილთან და ბრალდებულის ტანსაცმელთან. ერთ-ერთი ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერში ლაზარე გრიგორიადისის არსებობა არის დადასტურებული, აქ საუბარი არის ვიდეოჩანაწერზე, სადაც პირი ისვრის მოლოტოვის კოქტეილს სამართალდამცველების წინააღმდეგ. ნავთობპროდუქტების კვალის არსებობა ტანსაცმელზე ჩატარებული არაერთი ექსპერტიზით დასტურდება", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

 

დღის ამბები