02 მაისი 2024,   03:40
ვრცლად
"როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს და როცა გინდათ მამა-პაპურად იგინებით" - რატომ იკამათეს თეონა აქუბარდიამ და შალვა პაპუაშვილმა

პარლამენტში, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენისას დეპუტატ სალომე სამადაშვილის დარბაზიდან გაძევების საკითხზე, ოპოზიციონერმა დეპუტატი თეონა აქუბარდიამ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იკამათეს. თეონა აქუბარდიას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სალომე სამადაშვილს დარბაზი მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

"ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მინისტრი გამოდის და პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს (და არა ქალ მანდატურს, რომელიც თქვენ არ დაამატეთ, მიუხედავად პარლამენტის წინა თავმჯდომარის დაპირებისა), ფიზიკური ძალის გამოყენებით გაჰყავს ქალი დეპუტატი. ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, ქალი დეპუტატები თავად აყენებენ შეურაცხყოფას მანდატურებს და მათთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.

"როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს და როცა გინდათ - კარგად, მამა-პაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ნებისმიერ დეპუტატს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას. ყველამ მოიხადეთ ბოდიში იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდით თქვენთან. ახლაც დგახართ და ამართლებთ პარლამენტის წევრს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა სულ რამდენიმე წუთის წინ," - მიმართა შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაური პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მინისტრის სიტყვით გამოსვლისას, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ეხებოდა, მინისტრისთვის სიტყვის შეწყვეტინების გამო, სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები