22 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით - ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს სწორედ პარტნიორული ხასიათი. 

"რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან, ამ პარტნიორობას ძალიან ვუფრთხილდებით, ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მეგობრობა, პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იდგნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი და არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი.

როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხო სახელმწიფოებისგან. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით, სადაც იქნება ეროვნული ინტერესები დასაცავი, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. არავის კარნახით არ ვიმოქმედებთ, მაგრამ მოვუსმენთ აბსოლუტურად ყველას, თუ იქნება არგუმენტირებული მათ კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი ვალდებულებაა, ყველას მოვუსმინოთ, მაგრამ არავის დირექტივებით და კარნახით ჩვენ არ ვიმოქმედებთ.

როდესაც მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. თქვენ გახსოვთ, ამ დირექტივას არ გავყევით, დავიცავით ეროვნული ინტერესები და ეს იყო ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა.

ასევე, ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომელიც ევროპარლამენტმა 4-ჯერ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები, ჩვენთვის არის მიუღებელი. ასეთ დირექტივებს მიყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის იყო აგენტურა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები