ჩვენ ვლაპარაკობთ "ახალთან", "დროსთან", "გირჩთან", "ევროპულ საქართველოსთან" და კიდევ სხვა პარტიებთან, - ამის შესახებ "ლელოს" საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების შესაძლო ერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ისინი საზოგადოებას მალე შეატყობინებენ, რომელი პოლიტიკური პარტიები და აქტორები დადგებიან ერთად.
"ჩვენ გვაქვს საუბრები რამდენიმე ძირითად პარტიასთან და ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს საუბრები. ვაპირებთ, რომ ძალიან მალე შევატყობინოთ საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალები და აქტორები დადგებიან ერთად, ამ შუა დემოკრატიულ ფრონტში, რომელმაც უნდა შეძლოს და საქართველოში პოლიტიკას უნდა მისცეს სტიმული და ახალი იმპულსი. ჩვენ ვლაპარაკობთ "ახალთან", "დროასთან", "გირჩთან", "ევროპულ საქართველოსთან" და კიდევ სხვა პარტიებთან. ეს არის პროცესი, რომელიც ადგილზეა და არც თუ ისე შორს ვართ იმისგან, რომ საინტერესო რამე შევთავაზოთ საზოგადოებას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარტიები ერთი წელია ადგილებს ინაწილებენ სიაში და მათ ადგილები უფრო აღელვებთ, ვიდრე "ქართული ოცნების" დამარცხება და პოლიტიკური წარმატება.
"მე იმდენად ყელში ამომივიდა ამათი კეკლუცობა, რომ არ შემიძლია ამაზე სერიოზულად საუბარი. რამე გაერთიანება გააკეთონ ან არ გაერთიანდნენ. დაამთავრონ ამაზე საუბარი. თუ არ შეუძლიათ სიებზე შეთანხმება, ცალკე გავიდნენ. ჩვენი პარტია ქართველი ხალხის იმედად მოძრაობს და არ მგონია ქართველი ხალხი ამას უყურებდეს და მოსწონდეს, რომ პარტიები ერთი წელია ადგილებს ინაწილებენ სიაში. მათ ადგილები უფრო აღელვებთ ვიდრე "ქართული ოცნების" დამარცხება და პოლიტიკური წარმატება", - განაცხადა რაქვიაშვილმა.