საპროკურორო საბჭოს წევრებთან პროკურორობის კიდევ ერთ კანდიდატის გასაუბრება ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბჭოს წევრების შეკითხვებს გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა. მოსმენა 11:00 საათზე დაიწყო.
გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა და ამ პოსტზე უკვე 11 წელია მუშაობს, საბჭოს ჯერ უწყების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო, შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კითხვა-პასუხისას გაბიტაშვილმა ის სამი პრიორიტეტული მიმართულება განმარტა, რომელსაც გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში განახორციელებს.
"ერთ-ერთი ჩემი პრიორიტეტი იქნება თაღლითობისა და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. მეორე პრიორიტეტი - ეს არის დაზარალებულთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება. მესამე პრიორიტეტი - ჩვენ გვაქვს გამოძიების ელექტრონული პროგრამა, რომელმაც ძალიან გაამარტივა გამოძიების პროცესი. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი ორი პროგრამის ერთმანეთთან ინტეგრაციაზე და ჩემი ერთ-ერთი მიზანი იქნება, რომ ეს საკითხი ბოლომდე იქნას მიყვანილი," - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
გაბიტაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მისეული შფასებაც წარადგინა.
"მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზეც ნარკოპოლიტიკა გახდა ლიბერალური. ამაში მეც ვმონაწილეობდი და მეც, ზოგადად, მხარს ვუჭერ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას მომხმარებლებთან მიმართებაში.
რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, ჩვენი პოლიტიკა მკაცრი იყო, არის და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მკაცრი იქნება," - აღნიშნა გაბიტაშვილმა.
გაბიტაშვილის კანდიდატურა აკადემიური წრის წარმომადგენლებმა წარადგინეს. საერთო ჯამში წარდგენილია 11 კანდიდატი, აქედან 5-ს უკვე მოუსმინეს. საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს, შემდეგ კი, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.