24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"არ გაითვალისწინეს მოწოდება, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და რამდენიმე პიროვნება დავაკავეთ - სასწრაფო-სამაშველო ავტომობილებს ექმნება გადაადგილების პრობლემა, მაქსიმალურად ვეცდებით, გზა გავწმინდოთ" - საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე

დედაქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-თან", განმარტებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მისი თქმით, ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

"ჩვენი მხრიდან არაერთგზის მოხდა მოქალაქეების გაფრთხილება - მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა და რამდენიმე პიროვნება დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული. ბევრი პიროვნება, მე რასაც ვუყურებდი, ძალადობდა პოლიციის თანამშრომლებზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გზა გავასუფთაოთ - დღე გათენდა, მოქალაქეებს უჭირთ გადაადგილება, სასწრაფო ავტომანქანებს, სამაშველო ავტომობილებს ექმნება პრობლემა ადგილზე მისვლისას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გზა გავწმინდოთ", - აცხადებს კახა ბუხრაძე.

დედაქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, სამართალდამცველებთან ერთად, სასწრაფო-სამაშველო დახმარების პერსონალიცა მობილიზებული. რამდენიმე ადამიანს მათი დახმარება დასჭირდა. 

დღის ამბები