26 დეკემბერი 2024,   22:42
ვრცლად
88 ხმით, მე-11 მოწვევის პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნო - როგორ გადანაწილდა თანამდებობები საკანონმდებლო ორგანოში

88 ხმით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნო. ეს პირველ სხდომაზე დღისწესრიგის პირველივე საკითხი იყო. ცესკოს თავმჯდომარის მიმართვის შემდეგ, ახლად არჩეულმა დეპუტატებმა უფლებამოსილების განხორციელება ოფიციალურად დაიწყეს. მათ კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერებისა და საქართველოს ერთგულების თაობაზე ფიცი გიორგი კალანდარიშვილმა დაადებინა.

ფიცის დადებისა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კენჭისყრაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. მეთერთმეტე მოწვევაში ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ისევ შალვა პაპუაშვილი დასახელდა. "ოცნების" დეპუტატების სრული მხარდაჭერით, პაპუაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარემ მილოცვები დარბაზშივე მიიღო.

ვიდრე ახლად არჩეული თავმჯდომარე სპიკერატში გადაინაცვლებდა, საპარლამენტო ტრიბუნა გასული 4 წლის შეფასებით და სამომავლო გეგმებზე საუბრისთვის გამოიყენა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გამოწვევებზე გაამახვილა და თქვა, რომ სახელისუფლებო პარტიისთვის პრიორიტეტები უცვლელია.

ხელახლა არჩევის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურები წარუდგინა. პირველი ვიცე სპიკერი ისევ გია ვოლსკია, მოადგილის პოზიციაზე დარჩა ნინო წილოსანიც. ვიცე სპიკერის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს თეა წულუკიანის კანდიდატურაც შესთავაზა და, კენჭისყრის შედეგად, ისიც თავმჯდომარის მოადგილე გახდა. უახლოეს მომავალში, მათ გიორგი კახიანიც შეუერთდებათ.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე შეიქმნა მმართველი პარტიის ფრაქციაც. წინა მოწვევის მსგავსად, მისი თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძეა. ფრაქცია "ქართული ოცნებაში" კი სულ 80 წევრია. მამუკა მდინარაძევე უხელმძღვანელებს საპარლამენტო უმრავლესობასაც, - ამ შემთხვევაში, ერთიანი სია 89-წევრიანია.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში, საპარლამენტო ტრიბუნა მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაიკავა. ამ შემთხვევაში, მან კანონმდებლებს კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანოში სულ 16 კომიტეტია, 8 მათგანს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, 8-ს კი იგივე ხელმძღვანელი დარჩა.

"ქართული ოცნების" წევრებმა, საკუთართან ერთად, იმ ოპოზიციონერების უფლებამოსილებაც ცნეს, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. კვირის განრიგი უკვე გაწერილია, - ხვალ პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დაასახელებს. კვირის ბოლომდე დამტკიცდება მთავრობაც.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებას სხვა სხდომებისგან რამდენიმე ფაქტორი განასხვავებდა. პირველი ის, რომ სხდომა ტრადიციულად პრეზიდენტს არ მოუწვევია. სალომე ზურაბიშვილის ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და არც დღევანდელ შეკრებას დასწრებია. სწორედ ამის გამო, სხდომის წაყვანა თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის უხუცესს წევრს მოუწია. ასეთი კი, ამ მოწვევის პარლამენტში, ლადო კახაძეა. ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობას არ ესწრებოდნენ არც დიპლომატები. შალვა პაპუაშვილმა სხდომამდეც განმარტა, რომ პარლამენტის პირველი შეკრება ეროვნული საკითხია და სხვა ქვეყნის ელჩების მიწვევაც ამ მიზეზით არ მოხდა. პრეზიდენტი და ელჩები არა, თუმცა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებას კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ტრადიციულად, 12:00 საათზე დაიწყო. საკუთარი ადგილები დარბაზში დღეს მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაიკავეს. მათ შორის იყო "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, დეპუტატის მანდატის ფარგლებში, ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, პარლამენტის არჩეული წევრები არიან პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე, თუმცა ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებული თანამდებობების გამო პარლამენტში მათ ადგილებს ადგილმონაცვლეები დაიკავებენ. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა თითქმის სამი საათი გაგრძელდა და მას შემდეგ დასრულდა, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა.

დღის ამბები