პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გუშინ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება მისი აღიარება და დანაშაულია.
ვოლსკის თქმით, გიორგი გახარიამ პირველად მაშინ სცადა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოეტანა, როდესაც"ნაციონალური მოძრაობის" იმ დროინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისას, პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გადადგა, ხოლო ახლა უკვე მეორეჯერ ცდილობს ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.
"გახარიამ კიდევ ერთხელ მოახერხა საკუთარი თავის, საკუთარი პოზიციის უტრირება. პირველად, იგივე პროცესის განვითარება იგეგმებოდა, ოღონდ ეს უნდა დაწყებულიყო "ნაცმოძრაობის" ოფისიდან და კონკრეტული დამნაშავის აყვანაზე უარის თქმამ, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგომამ აჩვენა, რომ იგეგმებოდა სერიოზული პროცესების - დესტაბილიზაციის, რევოლუციური პროცესის განვითარება, მაგრამ ეს ვერ შედგა.
ახლა, მეორე ეტაპია, რაშიც გახარია არ აპირებს ვინმეს ჩამორჩეს და რადიკალებზე უფრო რადიკალად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, გეგმა იგივეა. ეს არ არის მარტო ღალატი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის წინაშე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი გახარიამ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას, რომლის პირველი ფაზა ახალ წლამდე, ან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე უნდა დასრულდეს.