
პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ. ამის შესახებ დღეს პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე, ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმების თხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა დღეს, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყოს.
"ასეთი განცხადება პროკურატურაში არ შემოსულა თხოვნით, რომ მათ მიმართ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება და მხოლოდ ეს აღნიშნა ბრალდების მხარემ. აღნიშნული განმარტების შემდეგ, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ მოგვმართავს განცხადებით და სურს, რომ დაიწყოს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს აპრიორი, რომ მათ გაუფორმდებათ საპროცესო შეთანხმება," - აცხადებს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, საბა მეფარიშვილმა განაცხადა, რომ მას არც ადვოკატი სურდა და არც საპროცესო შეთანხმება. მოსამართლემ სასამართლო 20 იანვრამდე გადადო, რომ ბრალდებულები პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.
ადვოკატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, შეეცდებიან, საბა მეფარიშვილს აუხსნან, თუ რას გულისხმობს ეს პროცედურა.
"სახელმწიფოს მხრიდან არის კიდევ ერთი დათმობის ნაბიჯი გადმოდგმული. საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებულები, შესაძლოა, პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლონ უკვე შემდგომ პროცესზე. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად ომარ ოკრიბელაშვილი თანახმაა და პირიქით - უხარია კიდევაც, რომ თავისუფლებაზე გამოვა ძალიან მალე, თუმცა საბა მეფარიშვილი, ჯერჯერობით, არ არის ჩამოყალიბებული თავის პოზიციებში. გაურკვეველია, ეს ასე რატომ ხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ საბა მეფარიშვილს ავუხსნათ რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება," - აცხადებს ადვოკატი.