This is a modal window.
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ პირველწყაროდან მივაწოდოთ ინფორმაცია ჩატარებული არჩევნების და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების თაობაზე," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მისიას მიაწვდის ინფორმაციას იმ ორმაგი სტანდარტის შესახებაც, რაც საქართველოს მიმართ ხშირადაა გამოყენებული.
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ პირველწყაროდან მივაწოდოთ ინფორმაცია ჩატარებული არჩევნების და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების თაობაზე, ასევე, იმ ორმაგი სტანდარტით მიდგომების თაობაზე, რომელსაც უპრეცედენტოდ აქვს ადგილი საქართველოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2024 წლის აპრილიდან მოყოლებული და იმ უხეშ, არაერთგზის ჩარევებთან დაკავშირებით, რომელსაც, მათ შორის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები ახორციელებდნენ, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში," - აცხადებს გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია იმყოფება. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა დღეიდან შეხვედრებს იწყებენ. ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.
ამავე ინფორმაციით, ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.