
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხმა კოლეგამ, ნიკოლ ფაშინიანმა გააცილა.
ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან პარტნიორობის და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.