11 აგვისტო 2026,   05:47
ვრცლად
გამომძიებელი სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკაზე - გამოძიება ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს - META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა მისამართს, საიდანაც ყალბი "ექაუნთით" პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას. პროცესს ადვოკატიც ესწრებოდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, გამოძიება ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს, META-დან მიღებული ინფორმაცია კი ემთხვევა მისამართს, საიდანაც, ყალბი "ექაუნთით", პირი უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. მისივე ინფორმაციით, ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და ნივთებია ამოღებული.

"დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა. ასევე, META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც, ყალბი "ექაუნთის" გამოყენებით, პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო მასალას.

ბრალდებაზე არ არის საუბარი. ეს არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით შემდეგ ინფორმაციას საზოგადოებას ვაცნობებთ," - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი.

მედიასთან კომენტარი გააკეთა სანდრო ცნობილაძემაც.

"ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები... ძალიან სასაცილოა, რადგან იმ დისკებზე არის 9 აპრილის შესახებ გაციფრულებული ფილმი, 90-იანი წლების რაღაცები... წაღებულია ლეპტოპები. ჩემი ტელეფონია ასევე ამოღებული. ეს ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდია. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ იმას, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის; მაინც, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ", - აცხადებს ცნობილაძე. 

 

დღის ამბები