11 აგვისტო 2026,   12:33
ვრცლად
ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ,  არ არის სწორი და მისი გამოყვანა უვნებლად მოხერხდა:

"მთლიანად მობილიზებულია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, საქართველოში რაც კი შეიძლება იყოს მძიმე ტექნიკა სოფლებთან მიმართებაში. შესაბამისი ბაზების მიხედვით, რომელიც დღეს შეიქმნა, მიდის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება.

პრიორიტეტებში არ ვგულისხმობ ადამიანებს, გუშინ ვიღაცებმა ასე გაიგეს. ვგულისხმობ იმას, რომ სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით პირველი ამოცანა არის, რომ ადამიანები გადავარჩინოთ. 

ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა.

არის ხოლმე შეფერხებები, რაც ბუნებრივია. რიგ შემთხვევებში, მაღალმთიან სოფლებში არის ისეთი ადგილები, სადაც მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა ვერ გადაადგილდება და მაშველებს, სხვათა შორის, მოსახლეობაც ეხმარებათ ხოლმე, მაგრამ ძირითადად იქ სპეციფიკაა, სჭირდებათ საათები, რამდენიმე საათი სჭირდებათ ხშირ შემთხვევაში, რომ გაკვალონ ფიზიკურად გზა და ე.წ გვირაბებიც კი გააკეთონ. ასეთი შემთხვევებიც კი დაფიქსირდა,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

სტიქია დასავლეთ საქართველოში - რეგიონებში ინტენსიურად თოვს. ყველაზე რთული ვითარება ისევ გურიაშია, სადაც სოფლების ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ზოგ ადგილას თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც პრობლემურია რეგიონი - სოფლების ნაწილს დენი შეზღუდვით მიეწოდება, ელექტრომომარაგების აღდგენას აფერხებს გზებზე არსებული ვითარება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე თავდაცვის ძალები. ოზურგეთში შექმნილია საკოორდინაციო შტაბი.

დღის ამბები