"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე და შეცვლილ მიდგომებზე პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ რატომ დუმს უკვე მეორე კვირაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ სცემს საზოგადოებას კითხვებზე პასუხს - რატომ ხვდებოდა აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარზე რუს ტურისტებს, რატომ თანამშრომლობდა ოკუპანტ ქვეყანასთან და რატომ დადიოდნენ მისი მხარდამჭერი ხელოვანები რუსეთში კონცერტების ჩასატარებლად.
"ხალხის ძალაში" ფიქრობენ, რომ პატიმარი პრეზიდენტისთვის ეს თემა მტკივნეულია და მასზე საუბარი არ სურს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით ორმაგ სტანდარტზეა დაფუძნებული.
"ეს ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომ შენ საკუთარ სამშობლოში როცა შემოიჭრა რუსეთის ფედერაცია, ამას არაუშავს და ამის შემდგომ შეგიძლია მომღერლებიც ამღერო რუსეთში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, აქ ვითომ ევროპელი ბურჭულაძე იქ რუსეთის პრეზიდენტს ღვინო კახუროს რომ უმღეროდა და ასევე, სააკაშვილის ბევრი კარის მომღერალი, დღეს რომ ვითომ რუსოფობები გახდნენ, აი ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი.
თავად პრეზიდენტ სააკაშვილი ღვინით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი გვახსოვს, ამიტომაც არის, რომ სააკაშვილი ბუნებრივად ვერაფერს ვერ იტყვის, ან თუ იტყვის ისევ თავის საწინააღმდეგო გამოვა.
სააკაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს თავის "ნაც აგენტურასთან" ერთად უცხოურ ძალას. როცა უთხრეს სააკაშვილს და მის "ნაცმოძრაობას", რომ თქვენ ახლა ლოიალური პოლიტიკა უნდა გამოიჩინოთ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ასე გააკეთეს და როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და უთხრეს, რომ თქვენ ახლა უნდა ანტირუსული პოლიტიკა აწარმოოთ, რა თქმა უნდა, აქაც დაუჯერეს, სხვა გზა არ ჰქონდათ. ასეთია აგენტის ხვედრი", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.