24 მარტი 2025,   03:05
ვრცლად
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

"დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ასევე განიხილეს ეკონომიკური პროექტები და აღნიშნეს, რომ მალე თბილისში ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შეხვედრა გაიმართება", - აღნისნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკანონმდებლო ორგანოს ცნობითვე, სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბრის თემას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება.

"შეხვედრებზე ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. რუმინელ კოლეგებს მოვაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებზე და მადლობა გადავუხადეთ რუმინეთს ე.წ.არჩევნების დაგმობის და ზოგადად, მთელი ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ოკუპაციის დაგმობისთვის. ხაზი გავუსვით, რომ სამწუხაროდ, ყველა ევროპული ქვეყანა ასე არ იქცევა და რუმინეთი ამ მხრივ სამაგალითოა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე.

"ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ამ მიმართულებით. იმ წუხილზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ასევე, იმ წუხილზე, რომელიც ევროკავშირს აქვს. განვიხილეთ ის გზები და დიალოგის ფორმატები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ ჩარჩოს. აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ არის სამართლიანი და ობიექტური მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. ვთხოვეთ რუმინელ კოლეგებს, რომ ეს საკითხი საერთო ევროპულ დონეზე დააყენონ. საუბარი ასევე გვქონდა ნატო-ში ინტეგრაციაზე. რუმინეთი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ნატო-ში წევრობის. მაგრამ, როგორც ხედავთ, ნატო-ში წევრობის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ვისმენთ, რომ უკრაინა აღარ განიხილება ნატო-ს წევრად. ამ მიმართებაში გვინდოდა, რომ რუმინეთის მხარისთვის გვეთხოვა - ამ საკითხსაც ნათელი მოეფინოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები
მეტი