
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებით, სომხეთთან მატჩის დროს ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის პირველი ტაიმი ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა.
კაშიას თქმით, თამაშისგან ასეთი სიამოვნება ჯერ არ მიუღია.
"პირველი ტაიმი ძალიან, ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ, განსაკუთრებით წინა ხაზში. რამდენი მომენტიც შევქმენით იმდენი გოლი გავიტანეთ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირველი ტაიმი, რაც კი მე და ჩვენს ნაკრებს გვითამაშია. ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. არ ვიცი ჩვენ ვითამაშეთ მაგრად თუ მოწინააღმდეგემ სუსტად, მაგრამ ასეთი სიამოვნება ჯერ არ მიმიღია. იმედია, რომ ამ მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ სექტემბერში, როდესაც დავიწყებთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს", - განაცხადა გურამ კაშიამ.
საქართველო-სომხეთი - "დინამო არენაზე" ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ანგარიშით 6:1 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
სომხეთის კარში 5 გოლი საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე სხვაობა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ერთით შეამცირა, თუმცა საბოლოო ჯამში, საქართველო-სომხეთის ნაკრებების მატჩი დღეს "ჯვაროსნების" გამარჯვებით 6:1 დასრულდა.