
დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. სხდომაზე დღესაც განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება. უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ აუცილებელია საქმის გამოძიება.
ოპოზიციაში კი არ აღიარებენ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას და ამბობენ, რომ ომში დამნაშავე ქვეყანა არ არის საქართველო. კომისიის შეკითხვებს დღეს მამუკა ყურაშვილი, გიორგი ვოლსკი, გიორგი ხაინდრავა და ირაკლი ბათიაშვილი უპასუხებენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის მიზანი ქართული ჯარის, ქართველი გენერლებისა და საზოგადოების გასამართლებაა.
"არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა არალეგიტიმური კომისია და დაევალა ამ ამოცანის შესრულება, მაგრამ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, არ დაუშვებს იმას, რომ აქ დამყარდეს დიქტატურა და აქ გაყალბდეს ჩვენი ქვეყნის გმირული ისტორია. 2008 წელს ჩვენი ჯარი და ჩვენი საზოგადოება იცავდა სახელმწიფოს და იცავდა ჩვენს ქვეყანას. კომისიის მიზანი არის ქართული ჯარის, ქართველი გენერლების, ჩვენი საზოგადოების გასამართლება", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.