
2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება - უკვე მესამე დღეა ეს თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის განხილვის საგანია. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის რიგით მეშვიდე სხდომა დილიდან მიმდინარეობს.
ამ წუთებში, დეპუტატები უსმენენ გია ვოლსკის, ის 2004 - 2006 წლებში კონფლიქტების რეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას მოადგილე იყო.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროექტებზე, რომელიც ომამდე პერიოდში არსებობდა.
"ჩავედით სოჭში, ზურაბ ჟვანია და კოკოითი, იმ პერიოდის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფალი. დავდეთ დოკუმენტი, მცირედი შესწორებების შემდეგ, ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ნდომის აღდგენა, საერთაშორისო მონაწილეობით პროექტების განხორციელება, სამშვიდობო პროცესის განვითარების წინაპირობაა. შემდეგ, ჩვენმა მხარემ იქვე დავამატეთ, რომელშიც ეწერა, რომ ამ სამშვიდობო პროცესმა და ნდობის აღდგენამ უნდა შექმნას მძლავრი ბაზა, სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისათვის. ამ ფორმულირების მიღება გაჭირდა, მაგრამ მთავარი ფორმულირება ეს იყო, მხარი დაგვიჭირეს და ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა. ამერიკელების გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლები იქ იყვნენ.
შემდეგ, ჩამოვედით, დოკუმენტი ხელზე იყო და ამით ვაგრძელებთ მუშაობას. 2005 წლის მაისია, რაღაც მოვლენებს გადავახტები, მიდის იქ მუშაობა, ქართველები და ოსები ჩართულები არიან და უკვე აფხაზებთანაც მიდის საუბარი, რომ ანალოგიური ხომ არ გაკეთდეს გალის რაიონში. ამაზე მიდიოდა ნიადაგის მოსინჯვა და გაეროს მისია იყო ამაში ჩართული.
სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების მოთხოვნები დაიწყო უკვე აფხაზეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოვიდნენ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, შევიკრიბეთ ვენაში, ეს იყო სტანისლავ ლაკობა, ცხინვალში ახლაც პოპულარული კაცია. მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ჯინჯოლია იყო უხუცესთა კავშირის წარმომადგენელი და აქ არაფორმალური საუბარი შედგა. საუბარი წავიდა, იქნებ დავიწყოთ ლაპარაკი, რომ ურთიერთ პოლიტიკური პოზიციები დავაახლოოთ და საკმაოდ პოზიტიური ლაპარაკი იყო. თუმცა, ესეც წყალში გადაიყარა და ამის შემდეგ, ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერე უკვე შემოვედი პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარედ ამირჩიეს, გადმოვიბარე და პირველი რაც გავაკეტე, შევისწავლე საპარლამენტო კომისიის მასალები, რომლებიც ეხებოდა ამ აგვისტოს ომს და შემდგომშიც ინტენსიურად ვიყავი ჩართული. მევალებოდა კიდეც, რომ გარკვეული შეფასებები მეკეთებინა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.