პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმის განხილვით განახლდა. კომისიის წევრები ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს უსმენენ.
როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტის მისამართით არსებობდა ზეწოლის ფაქტები, ის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.
"2006 წლიდან დაიწყო და ფაქტობრივად დამთავრდა 2008 წელს ქონების უკანონო ჩამორთმევა. ქალბატონმა გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, რომ უნივერსიტეტს შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო, სასწავლო, სამაგისტრო სწავლების ცენტრი. ამ თხოვნის შემდეგ, ჩვეულებრივად ჩამოყალიბდა ეს ცენტრი. ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს რამაზ ხუროძეზე და მთელ რექტორატზე. უნივერსიტეტში შემოდის კონტროლის პალატა და ასევე უნივერსიტეტი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაციას ხელმძღვანელობს, განათლების სამინისტროდან, ჩვენთვის კარგად ცნობილი ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი. უნივერსიტეტს უჩერდება ავტორიზაცია იმ მიზეზით, რომ მას არ ყოფნის ფართები. უნივერსიტეტისთვის კიდევ მეტი დარტყმები იქნებოდა და პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა იგი [რექტორი] დაკავებული თანამდებობიდან. რამდენიმე თვის შემდეგ, უნივერსიტეტს ისევ აღუდგინეს ავტორიზაცია. უნივერსიტეტის რექტორი ხდება არჩილ მოწონელიძე.
მთელი სახელმწიფო აპარატი ერთვება უნივერსიტეტიდან ქონების წაღებაში. ცენტრის ბაზაზე ყალიბდება შპს საქართველოს უნივერსიტეტი. რაც შეეხება ქონებას, მთელი ქონება, მთავრობის ერთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ჩამოერთვა," - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
მანამდე კომისიის წინაშე 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლე წარდგა. ციცინო შავაძემ გაიხსენა წლების წინ, მისი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ გაჩერებას არ აპირებს, სანამ დასჯილები არ იქნებიან მკვლელობის დამკვეთებიც. როინ შავაძე "კუდ"-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ქობულეთის გზაზე მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნით, მას სხეულზე 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე